• წესდება

      • დამტკიცებულია: 

        ქ. რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველის’’

        სკოლის დირექტორის მიერ: /ზ. კიკნაველიძე/

        ქ. რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველი’

        წ ე ს დ ე ბ ა 

         

        I. ზოგადი დებულებები

        მუხლი 1. სკოლის სტატუსი

        1. სკოლა ,,რუსთველი’’ არის კერძო სამართლის იურიდიული პირი. სკოლა დაფუძნებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2006 წლის 10 თებერვლის №99 ბრძანებით გაცემული გენერალური ლიცენზიის სარეგისტრაციო №0631030 გაცემის თარიღი 21.09.2009წ. №08–13/11766 საფუძველზე.

        2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართვას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახეb’’, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის შინაგანაწესის, ამ წესდების და სხვა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

        3. სკოლა უფლებამოსილია საკუთარი სახელით დადოს გარიგებები, იტვირთოს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.

        4. სკოლის ურთიერთობები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან რეგულირდება ხელშეკრულებებით, სკოლის შინაგანაწესით და ამ წესდებით.

        5. დაწესებულების შიდა ორგანიზაციული საკითხები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით და ამ წესდებით.

        6. სკოლას აქვს მრგვალი ბეჭედი და გახსნილი  ანგარიში ბანკში.

        მუხლი 2. სკოლის მისია

        ქ. რუსთავის კერძო სკოლა „რუსთველი“ არის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული და ახორციელებს სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი სწავლებისა და აღზრდის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით "ზოგადი განათლების შესახებ" და ეროვნული სასწავლო გეგმით.

        სკოლას აქვს მისია, რომელიც შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, გამოხატავს სკოლის საერთო პრინციპებს სწავლა - სწავლების, აღზრდის და სკოლის დანიშნულების შესახებ. მისიას იზიარებენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები. სკოლის მისიაში ასახულია სკოლის პრიორიტეტები - ის საგანმანათლებლო მიზნები, სამოქალაქო და საზოგადოებრივი მოლოდინები, რომელთა მიღწევაზეც სკოლა იღებს ვალდებულებას. სკოლა მუდმივად აფასებს სწავლისა და სწავლების პროცესის ეფექტურობას მის მიერ დადგენილი მისიის შესაბამისად. სკოლის საქმიანობა მიმართულია საკუთარი მისიის განხორციელებისაკენ.

        სკოლა ,,რუსთველის“ მისიაა - აღზარდოს თავისუფალი დამოუკიდებელი, ანალიტიკურად მოაზროვნე, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი, წიგნადი და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე. ისეთი სასკოლო სისტემის შექმნა, რომელიც თითოეულ მოსწავლეს მისცემს გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარების უნარს და ჩამოაყალიბებს მას კანონმორჩილ, ტოლერანტულ მოქალაქედ.

        მუხლი 3. სკოლის სტრატეგია

        სკოლა ესწრაფვის, მოსწავლეებს მისცეს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ უპირველეს ყოვლისა, განუვითაროს თანამედროვე სამყაროში ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ–ჩვევები; ინფორმაციისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, რათა შეძლონ არჩევანისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. სკოლის პედაგოგიური კოლექტივის უმთავრესი ამოცანაა, ასწავლოს მოსწავლეს აზროვნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ განათლება ბავშვის აღზრდასთან ერთად თვითგანათლებად, ანუ საკუთარი თავის განათლებად უნდა გადაიქცეს. ამ თვალსაზრისით, კარგი პედაგოგი, ეს არის გამოცდილი, შემქმნელი ისეთი პირობებისა, რომელთა მეშვეობითაც მოზარდი რაც შეიძლება ადრე ხდება საკაუთარი განვითარების შემოქმედი.

        მუხლი 4. აღზრდის ძირითადი პრინციპები

         მოსწავლეთა აღზრდა მომთხოვნ პედაგოგ–თანამოაზრეთა გუნდის მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საკუთარი მუშაობის ხარისხზე, ზრუნავენ, რათა თითოეულმა მოსწავლემ, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავი.

         მუდმივი ზრუნვა იმაზე, რომ მოსწავლეებს მივცეთ საფუძვლიანი ცოდნა, განვუვითაროდ თვითორგანიზების, თვითდაჯერებისა და მობილიზების უნარ–ჩვევები.

         მთავარი – დისციპლინა, რაც ითვალისწინებს სამართლიან ქმედებას იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც საკუთარი, ასევე გარშემო მყოფთა მიმართ.

         პატივისცემა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ და მისი პრობლემების გათვალისწინება.

         პედაგოგიური კოლექტივის აქტიური ურთიერთთანამშრომლობა.

         მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრები და მუშაობა.

        II. სკოლის სტრუქტურა და მართვა

        მუხლი 1. სკოლის სტრუქტურა

         სკოლის სტრუქტურა მოიცავს დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, კანცელარიას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და მონიტორინგის სამსახურს.

        მუხლი 2. სკოლის დირექცია

        სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეების, და ბუღალტერისაგან.

        მუხლი 3. სკოლის დირექტორი

        3.1. სკოლის დირექტორი

         სკოლის დირექტორი არის ოფიციალური იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სკოლის მართვას (იწვევს სხდომებს, თათბირებს), იძლევა მითითებებს.

         თვითონვე ადგენს და ამტკიცებს სკოლის წესდებას, შინაგანაწესს, სკოლის ბიუჯეტს, სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიასა და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას.

         სასწვლო წლის დამდეგისთვის ნიშნავს ან/და ათავისუფლებს კლასის დამრიგებლებს

        .  შეიმუშავებს საშტატო განრიგს.

         მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში.

         პედსაბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პედსაბჭოს თავმჯდომრის კანდიდატურას.

         უზრუნველყოფს სკოლის პედაგოგებთან და სხვა ადმინისტრაციულ თუ ტექნიკურ თანამშრომლებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას.

         უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს მასწავლებელთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას.

         განკარგავს თანხებს სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.

         უფლებამოსილია დადოს გარიგებები.

         განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს.

         ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს.  გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

         ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

        3.2. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:

         ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობაზე.

         სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე.

         სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაციონალურ გამოყენებაზე.

         სკოლის მასწავლებლების და მოსწავლეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

        მუხლი 4. დირექტორის მოადგილე/მოადგილეები

        1. სკოლის დირექტორს ჰყავს ერთი ან ერთზე მეტი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.

        2. დირექტორის მოადგილეს გააჩნია თავისი უფლებები და ვალდებულებები მცირე შეზღუდვის გათვალისწინებით.

        3. დირექტორის მოადგილე თავის უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით.

        მუხლი 5. პედაგოგიური საბჭო

        1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი.

        2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.

        3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლოს თანაბარი ხმის უფლებით.

        4. პეაგოგიური საბჭოს სხდომის მოწვევა შესაძლებელია პედაგოგიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით;

        5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

        6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.

        7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.

        8. პედაგოგიურ საბჭოში, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

        მუხლი 6. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები

        ა) პედაგოგიური საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს.

        ბ) საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ,,ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი’’ მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას.

        მუხლი 7. ფინანსური მენეჯერი

        1. უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას კანონმდებლობის შესაბამისად.

        2. ახორციელებს ფინანსური საბუთების დროულ განხორციელებას.

        3. აწარმოებს სკოლის ბიუჯეტის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას.

        4. აწარმოებს ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროულ აღრიცხვას.

        5. მონაწილეობას იღებს სკოლის მატერიალურ ფასეულებათა ინვენტარიზაციაში და ახდენს შედეგების აღრიცხვას.

        6. პასუხისმგებელია საბუღალტრო დოკუმენტაციის შენახვა-არქივაციაზე.

        მუხლის 8. კანცელარია

        1. კანცელარია წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორისა წინაშე.

        2. კანცელარიას ხელმძღვანელობს საქმეთა მმართველი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.

        3. საქმეთა მმართველი დირექტორს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს მუშაკთა დანიშვნის, გადაყვანის, დათხოვნის, წახალისებისა და პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, აგრეთვე კანცელარიის მუშაობის სრულყოფისა და გაუმჯობესების საკითხებს.

        4. კანცელარიის შემადგენლობაში შედის არქივი.

        მუხლი 9. კანცელარიის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

        1. კანცელარიის ძირითადი საქმიანობის სფეროა ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, სკოლის საქმისწარმოების საკითხებზე სამართლებრივი და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება, მათი რეალიზაცია და შესრულების კონტროლი.

        2. კანცელარიის ფუნქციაა:

        ა) კორესპონდენციის მიღება, რეგისტრირება, დამუშავება, სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა შესრულება, დანიშნულებისამებრ გადაცემა-დაგზავნა;

        ბ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და ადრესატისათვის მისი წარდგენის ორგანიზაცია, ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი.

        გ) საქმისწარმოების ერთიანი წესისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად კორესპონდენციის დადგენილ ვადაში გაფორმების და დოკუმენტების კონტროლზე აყვანის ორგანიზაცია, შემსრულებლებისათვის მათი დროული მიწოდება. დოკუმენტების შესრულების მიმდინარობის კონტროლი და ანალიზი, შედეგების შესახებ ცნობების განზოგადება და ხელმძღვანელობის სისტემატიური ინფორმირება.

        დ) დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა _ დაბეჭდვის, ასლის გადაღებისა და ოპერატიული გამრავლების ორგანიზება, დოკუმენტების ბლანკების შემუშავება.

        ე) მოქალაქეთა მიღება, შემოსულ წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზება.

        ვ) ინფორმაციის გაცემა სკოლაში შემოსული კორესპონდენციების შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის მდგომარეობაზე.

        მუხლი 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა

        1. თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.

        2. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.

        3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასის მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:

        ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.

        ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სკოლის დირექცია.

        გ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასი ირჩევს თითო წარმომადგენელს შესაბამისი სასწავლო წლის ვადით.

        დ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს.

        ე) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს. შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება ის, რომელიც შესაბამის კლასზე მეტ ხმას მოიპოვებს.

        ვ) სკოლაში, საბაზო ან საშუალო საფეხურზე, თითოეულზე, კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს სამ კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე სამი კანდიდატი.

        ზ) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს სამი დღით ადრე.

        4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან შვიდი დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს.

        5. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართვლობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

        6. მოსწავლეთა თვითმმართველობა

        : ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ.

        ბ) უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

        გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინარულ/მონითორინგის სამსახურში.

        7. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ სკოლში სწავლის შეწყვეტის დასრულებისთანავე.

        მუხლი 11. მონიტორინგის სამსახური

        სკოლის დირექტორის მიერ სამსახურებრივი, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, სასწავლო დისციპლინის შემოწმების, შიდა კოლნტროლის მიზნით იქმნება მონიტორინგის სამსახური. მონიტორინგის სამსახური უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი წევრისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს ხელმძღვანელს. მონიტორინგი წარმოადგენს მონაცემთა შეგროვების პროცესს, სიტუაციის მუდმივ მეთვალყურეობას და ანალიზს. მონიტორინგის სამსახური არეგულირებს სკოლის თანამშრომლის, მოსწავლის ან მშობლის მხრიდან სკოლაში გამოვლენილ ნებისმიერ დისციპლინარულ გადაცდომას, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს, მოსწავლის ქცევის კოდექსს და შინაგანაწესს.

        მონიტორინგის სამსახური ავლენს აგრეთვე სკოლაში დასაქმებულ პირს, რომელმაც სამსახურეობრივი მოვალეობა სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შეასრულა, რომელმაც გამოავლინა განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის დავალება. ასევე ავლენს მოსწავლეს, რომელიც გამოირჩევა კარგი აკადემიური მოსწრებით, სანიმუშო დისციპლინით, სკოლის საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობით. ასეთი პიროვნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას წახალისება. წახალისების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი.

        III. დისციპლინური საჩივარი და მისი განხილვის წესი

        მუხლი 1. საჩივრის წარდგენა

        1. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვთ წერილობითი საჩივრით მიმართონ სკოლის დირექტორს დისციპლინური დარღვევის გამოვლენიდან ორი კვირის განმავლობაში.

        2. დირექტორი საჩივრის წარდგენიდან სამი დღის განმავლობაში ამოწმებს მის შესაბამისობას და განსახილველად წარუდგენს მონიტორინგის სამსახურს. მუხლი 2. სკოლის პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობა

        1. წინამდებარე წესდებით, ეთიკის კოდექსით, შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისიწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინის დარღვევისათვის დირექცია იყენებს შემდეგ ზომებს (დისციპლინური სახდელი): ა) შენიშვნა. ბ) გაფრთხილება, საყვედური. გ) სასტიკი საყვედური. დ) უფრო დაბალ თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა/საგაკვეთილო საათების ჩამორთმევა. ე) ხელფასის დაქვითვა 50 % - ის ოდენობით. ვ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

        2. დისციპლინური სახდელის დადებისას გაითვალისწინება ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, პერსონალის წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა.

        3. დისციპლუნური სახდელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება. შვებულებაში ან მივლინებაში მყოფი პირის დისციპლინური დასჯა ხდება სამსახურში მისი გამოცხადების შემდეგ.

        4. დისციპლინური კომიტეტი დისციპლინურ სახდელს იყენებს გადაცდომის დადასტურებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან ან საამისო საჩივრის წარდგენის დღიდან, თანამშრომლის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის პერიოდის ჩაუთვლელად.

        5. შრომის დისციპლინის ყოველი დარღვევისათვის შეიძლება გამოყენონ მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

        6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ ბრძანება გადაეცემა დაინტერესებულ პირს დადგენილი წესით.

        7. თუ დისციპლინური სახდელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში პერსონალს არ დაედება ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ჩაითვლება ისეთ პირად, რომელსაც დისციპლინური სახდელი არ ჰქონია დადებული.

        8. თუ პერსონალს ხელახლა არ დაურღვევია შრომის დისციპლინა და თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა და კეთილსინდისიერმა მუშაკმა, მას შეიძლება მოეხსნას დისციპლინური სახდელი ერთი წლის გასვლამდე, უშუალოდ ხელმძღვანელის ან თანამშრომელთა შუამდგომლობით.

        მუხლი 3. სკოლის მოსწავლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა

        1.მოსწავლის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს.

        2. მოსწავლის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, სკოლის სახელისა და ღირსების, საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას.

        3. მოსწავლის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს მონიტორინგის სამსახური. მოსწავლეს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

        4. დისციპლინური დევნის განხორციელებისას მოსწავლეს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ. ბ) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით. გ) მიაწოდოს კომიტეტს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები. დ) მონაწილეობა მიიღოს დისციპლინური კომიტეტის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში.

        5. დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია უნდა გამოიკვლიოს მონიტორინგის სამსახურმა.

        6. მოსწავლეს ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, გამოეცხადება საყვედური, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, შესაძლოა შეუწყდეს მოსწავლის სტატუსი. 7. მოსწავლის სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს სკოლის დირექტორს. IV. სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

        მუხლი 1. სკოლის ქონება

        1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას გააჩნია შესაბამისი ქონება.

        2. სკოლა უფლებამოსილია განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა სკოლის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

        მუხლი 2. სკოლის ფინანსები

        1. სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის წლიური საფასურით, აგრეთვე შემოწირულობებით.

        2. სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

        3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

        მუხლი 3. ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

        1. სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი.

        2. დირექტორი თანხებს განკარგავს სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.

        3. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სკოლის დირექტორი. V. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

        მუხლი 1. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

        1. სკოლის რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დამფუძნებელი და სკოლის დირექტორი. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება თანაბრად იყოფა დამფუძნებელსა და სკოლის დირექტორზე. მუხლი 2. სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკოლის დირექტორის მიერ